კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ვახტანგ ონიანის, ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა საბურთალოს ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ხელოვანის ხსოვნას, ასევე, პატივი მიაგო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.
ვახტანგ ონიანი 18 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1960-1961 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ მთავარ მხატვრად, 1964-1980 წლებში კი იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვარი.
მან შექმნა ქანდაკებები: „გაქვავებული ცრემლი“ (1958), „სვანი გოგონა“ (1958), „მახვში“ (1967), „ცოდნის სვეტი“ (1981), მიხეილ ხერგიანის ბიუსტი; დაზგური ქანდაკების ნიმუშები: „კაცი ლაშხეთიდან“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვ. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „მეუღლის პორტრეტი“ (1965), „წითელი ღრუბლები“ (1967) და სხვა. ხელოვანმა მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: „გივარგილ“, „ამირანი“, „ბეთქილ“, „ლადლერი“, „დალის საუფლო“.
ვახტანგ ონიანი 1957 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენებში. მან გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1968).
ხელოვანი ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა, მათ შორის: „ოქროს ხანა“, „თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ…“ და სხვა.
ვახტანგ ონიანი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967) და ღირსების ორდენის კავალერი (2002).
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ვახტანგ ონიანის წვლილს ხელოვნების განვითარებაში და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას.