ლენტეხის შესახებ

  /  ლენტეხის შესახებ

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებითა და ხედებით.

,,თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთო”-ბრძანა დიდმა ილიამ.

სვანეთი ზემო სვანეთად (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე, ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი.

თუ გსურთ ლენტეხს მუნიციპალიტეტს ეწვიოთ, მანქანით გაუყვებით ცხენისწყლის ხეობას და შედიხართ ლენტეხის  სოფლებში, რომელთაგან ზოგი ცხენისწყლის ხეობაში მთის ძირებში მწყრის ბუდეებივით შეუმჩნევლად განლაგებულა, ნაწილს კი უფრო ზემოთ, კლდის კალთის ძირებში შეუფარებია თავი. ქვემო სვანეთი შესავალია იმ დიდი სილამაზისა, რასაც ზემო სვანეთი ჰქვია. მიუყვები ხეობას და ტოვებ სვანეთის პატ-პატარა, მაგრამ დიდი გულითა და სიცოცხლით სავსე სოფლებს-ნაღომარს, რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალას, წიფლაკაკიას, ხოფურს, მაზაშს, ლამანაშურს… განაგრძნობ გზას და უახლოვდები მაღალ დათოვლილ მთებს. გეგებება რაიონული ცენტრი ლენტეხი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან რეგიონს საქართველოში. რეგიონს სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ლეჩხუმის ქედი, დასავლეთით კოდორის ქედი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად ჰიდროგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს მდ. ცხენისწყალი. დაბა ლენტეხში მას უერთდება მდ. ხელედურა და მდ. ლასკადურა, რის შემდეგ მდ. ცხენისწალი გამოდის ქვემო სვანეთის ქვაბულიდან. შემდეგ იგი რცხმელურის ხეობის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც აერთებს ქვემო სვანეთისა და ცაგერის ქვაბულებს, მას აქვს სუბმერიდიანული მიმართულება და გრძელდება დაბა ლენტეხიდან ქ. ცაგერამდე 20 კმ-ის მანძილზე. ქვემო სვანეთის ქვაბული გავრცობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 85 კმ-ის მანძილზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფართობი 1344 კმ2-ია. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია დაბა ლენტეხი. სულ მუნიციოალიტეტში 61 სოფელია.

ტერიტორიის გეომორფოლოგიური თავისებურებები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საშუალო და მაღალმთიანი, იურული კლდოვანი ქანების სუბსტრატზე განვითარებული რელიეფი წარმოდგენილია ქვემო სვანეთის ქვაბულის გეომორფოლოგიური ერთეულით. ქვემო სვანეთის ქვაბული შედგება ორი ხეობისაგან (მდ. ცხენისწყლის და მისი მარჯვენა შენაკადის მდ. ხელედულას ხეობები), რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ დაბა ლენტეხისაკენ არიან მიმართული.

მდ. ცხენისწყალი ქვემო სვანეთის ქვაბულის საზღვრებში ხშირად იცვლის მიმართულებას და ხეობის მორფოლოგიურ იერს. მდ. შუშარის შესართავის ქვემო ხეობა ღებულობს განედურ მიმართულებას და სოფ. მელემდე მიემართება კანონისებურ ხეობაში, შემდეგ სოფლების ჩიხარეშისა და მახაშის მიდამოებში ხეობის ჭალა ფართოვდება შენაკადების გამოტანის კონუსების და ფერდობის დამრეცი ზედაპირების ხარჯზე. გაფართოებული მონაკვეთი, გრძელდება 9-10 კმ მანძილზე სოფ. ჭველიერამდე. ხეობის აღნიშნული მონაკვეთის ფერდობებზე ადგილი აქვს ეროზიულ საფეხურებს, რომლებიც კარგადაა სოფ. ლემზაგორის ჩრდილოეთით.

სოფ. ჭველიერის ქვემოთ დაბა ლენტეხამდე მდ. ცხენისწყლის ხეობა ვიწროა და წყლის ნაკადი გზას იკვლევს ძირითადად კლდოვან ქანებში. მდ. ხელედულას ხეობა წარმოადგენს ქვემო სვანეთის ქვაბულის დასავლეთ ნაწილს. ხეობას აქვს კარგად გამოხატული 0,5-0,7 კმ-მდე სიგრძის ჭალა. ისევე როგორც მდ. ცხენისწყლის ხებაში , აქაც ხეობის მარჯვენა ფერდობზე ფიქსირდება მდინარეული ტერასები და დამრეცი ზედაპირი. მდ. ხელედურის მნიშვნელოვანი შენაკადია მდ. სკილიორი, რომელიც სათავეს იღებს სვანეთის ქედზე და სოფ. მანანურამდე მიედინება უკვე ჩაჭრილ ტროგში.

რცხმელურის ხეობა აერთებს ქვემო სვანეთის და ცაგერის ქვაბულებს. რცხმელურის ხების ორივე ფერდობი დანაწევრებულია მდ. ცხენისწყლის შენაკადების ხეობებით. მათ შორის ყველაზე დიდია მდ. დევაში და მდ. ხოფური, რომელთა ხეობების ზედა ნაწილებში შემორჩენილია მეოთხედი გამყინვარების კვალი.

რცხმელურის ხეობა გამომუშავებულია ქვედა იურული ასაკის ფიქლებში.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქვემო სვანეთის რეგიონი არის მაღალი გეოდინამიკური პოტენციალის მატარებელი, რაც განპირობებულია ფერდობების დიდი დახრილობით (30-500 და ზოგჯერ მეტიც). მდინარეთა ქსელის სიხშირით, მეოთხეული ნალექების დიდი სიმძლავრით 5-20 მ. აღნიშნული განაპირობებს საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების სიხშირეს და მათ მასშტაბობას.