ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა სამსახურის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამების დროულ და ეფექტიან განხორციელებაზე, ბაზრის კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე და წყალსადენების სათავე ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მოწესრიგებაზე.
იმსჯელეს ააიპ-ებში ფუნქციების ეფექტიან გადანაწილებაზე, სამსახურის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის კონკრეტული დავალებების განსაზღვრასა და მათი შესრულების ვადებზე.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციისა და სპორტულ აქტივობებში ჩართული ბავშვების ტრანსპორტირების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების — „ლენტეხობის“, ალეკო ონიანის სახელობის ღონისძიებისა და „ლაშხეთობის“ ორგანიზების პროცესს.
მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და თითოეული მიმართულებით სამუშაოების დროულად, კოორდინირებულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


