დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ გუგავას, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მემორიალური ტურნირი სამბოში გაიმართა.
გურამ გუგავას სახელობის ჭიდაობის დარბაზმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ 125 სპორტსმენს უმასპინძლა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები სიგელებით, მედლებითა და შესაბამისი ჯილდოებით დააჯილდოვეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით პირველმა, საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა გია გაზდელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გურამ გუგავას ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, მწვრთნელები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
“გურამ გუგავას მრავალწლიანმა მოღვაწეობამ, არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ჭიდაობის, სამბოსა და ძიუდოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მისი სახელობის მემორიალური ტურნირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ყოველწლიურად აერთიანებს სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის გულშემატკივრებს. ლენტეხის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს ისეთი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ღირებულებების განმტკიცებასა და ღირსეული ადამიანების ღვაწლის დაფასებას ემსახურება”- აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა




