სტიქია

 ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურისა და ჩიხარეშის თემებში შემავალ 8 სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შეიზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება, წაქცეულმა ხეებმა შეაფერხა შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა.
სტიქიის ზონაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.
 სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოადგილეებთან თემურ ჩანქსელიანთან და ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფება სტიქიის ზონაში. სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
 ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაწილობრივ აღდგენილია. აქტიურად მიმდინარეობს გზების ხეებისგან და ტოტებისგან გაწმენდა, მუნიციპალიტეტი მზადაა აღმოუჩინოს დაზარალებულებს პირველადი დახმარება, ხოლო ზარალის დათვლის შემდგომ კი განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარების გაწევა.