ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში, ჭყონდიდის სასულიერო პირებთან ერთად შემოქმედებით საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ასევე, კულტურის სახლის ფოიეში წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები ლენტეხს სიწმინდეების მოსალოცად ეწვივნენ. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, სოფელ ფაყის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა, რომელსაც ადგილობრივ მრევლთან ერთად სტუმრებიც ესწრებოდნენ.
დელეგაციამ მოილოცა ეპარქიის მნიშვნელოვანი სიწმინდეები, მათ შორის სკალდის მთავარანგელოზის მამათა მონასტერი და ხელედის წმინდა კეთილმსახური დედოფალ თამარის სახელობის დედათა მონასტერი. ასევე, თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანთან მდებარე ხეივანში აკურთხეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, აბაშის მერი გიგა გაბელაია და ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.





