განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, მირზა ჩანქსელიანს, ნადია ბენდელიანს, ლალი ონიანს, ინგა ონიანსა და ციცინო მუკბანიანს.
დაჯილდოების ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მოადგილე ლევანი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ქარდავა ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიული ღვაწლის დაფასება, ასევე განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.






