ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი მეგრელიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს წარედგინათ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დანერგილი ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის და მობილური აპლიკაციის- meteo.gov.ge შესახებ პრეზენტაცია.
ICT სისტემა წარმოადგენს ადრეული შეტყობინების სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებასა და რისკების ეფექტიან მართვას.
სისტემა დანერგილია პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
შეხვედრის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის სისტემის შესაძლებლობების გაცნობა იყო, რაც ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და ადრეული შეტყობინების სისტემის კიდევ უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევანი ლიპარტელიანი, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.


