ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად სოფელ ყარიშსა და წანაშში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ორ მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს:
სოფელ ყარიშში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის, საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 163,955 ლარს შეადგენს.
სოფელ წანაშში აქტიურად მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ბიუჯეტიც 203,860 ლარია.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეულ სოფელში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გამართული სასოფლო-საგზაო ინფრასტრუქტურა პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული პროექტების დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.“-აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა.




