მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ლენტეხში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
10 მაისს, ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა და ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრმა სტუმრებს სხვადასხვა ფორმატის შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით უმასპინძლა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, სადაც ნათია ბერაიამ და დაჩი თაქთაქიშვილმა სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.
მუზეუმში ასევე ჩატარდა არტ-თერაპიული სახელოსნო — „სიზმრები ხელოვნებაში“, რომელსაც მარიამ აღდგომელაშვილი და ინგა შალვაშვილი უძღვებოდნენ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ემოციები და ხედვები შემოქმედებითი ფორმით გამოეხატათ.
დღე დასრულდა პროექტით „ღამე მუზეუმში“ — თედო მახარაძის იმერსიული პერფორმანსით, რომელმაც ეთნოელემენტებისა და თანამედროვე ვიზუალური ფორმების შერწყმით მუზეუმის სივრცე განსაკუთრებულ კულტურულ გარემოდ აქცია.
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კულტურული სივრცეების მნიშვნელობას რეგიონში და ხელი შეუწყო ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.


