ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის თემებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გაუფორმებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიმდინარეობა განიხილეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარეხი აფაქიძემ მუნიციპალიტეტის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაო ჯგუფები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან, გადაამოწმებენ შესაბამის მონაცემებს, დაადგენენ მიწის ნაკვეთის მდებარეობას, აზომვის საჭიროებას და იმას, ხომ არ არის ნაკვეთი უკვე აზომილი სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.
მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი მოქალაქეებს დაუკავშირდებიან და მათთან შეთანხმებით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის აზომვის თარიღი და დრო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის თემებში არსებული სხვა აქტუალური საკითხები და მათი დროული გადაწყვეტის შესაძლებლობები.

