სტიქია ჩოლურის თემში

სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პროცესში ჩაერთო მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში მოეხდინათ საავტომობილო მიმოსვლა.
ამ დროისათვის აქტიურად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და უკვე დაწყებულია მთავარი გზის აღდგენითი სამუშაოები. ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შექმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, მოძრაობა შეიზღუდა მუნიციპალიტეტის 4 თემში (ჩოლური, ჟახუნდერი, ჩიხარეში, ზესხო-ცანა).
შიდა სასოფლო გზები დაზიანდა დურაშში, საყდარში, ესიერში და ტვიბში, რის შედეგადაც ეს სოფლები გარესამყაროს მოწყდა. მწყობრიდან გამოვიდა საყდრისა და დურაშის ხიდები.
ადიდდა მდინარე ხელედურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა ლესემისა და ჩხალვარის დამაკავშირებელი გზა. ამ მდგომარეობის გათვალისწინებითაც ხორციელდება აქტიური და დროული რეაგირება რათა სიტუაცია დასტაბილურდეს, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში რჩებიან ადგილობრივ მოსახლოებასთან, რადგან არ შეექმნათ საფრთხე.