მერის საახალწლო მილოცვა
ჩემო ლენტეხელებო!
მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი თქვენ და თითოეულ ჩვენს თანამემამულეს-საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
ვულოცავ-ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებულად უხარიათ ახალი წლის დადგომა, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს-ყველას, ვინც თავდაუზოგავად და დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.
2021 წელი იყო გამოწვევებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთობლივი ძალებით უმკლავდებოდა ქვეყნის წინაშე არსებულ უმწვავეს გამოწვევებს.
2022 წელს -მე და ჩემი გუნდი, რა თქმა უნდა თითოეული ლენტეხელისა და ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, შევძლებთ, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა (რომელიც დიდი პოტენციალის მქონეა) ღირსეული ადგილი დაიკავოს დანარჩენი საქართველოს რუქაზე: კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამების მოზიდვისა და განხორციელების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
ჩვენი პრიორიტეტი სწორედ, ამ სფეროების განვითარება იქნება. ახალგაზრდობის მეტი ჩართულობითა და უფროსი თაობის გამოცდილების გამოყენებით მჯერა, რომ ჩვენი რაიონის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით და დავძლევთ. სწორედ, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით გახდება შესაძლებელი 2022 წელი წარმატების მომტანი იყოს.
კიდევ, ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2022 წელს, რომელიც რამოდენიმე საათში შემობრძანდება. გისურვებთ, ჯანმრთელობას, წინსვლას, კეთილდღეობასა და ღვთისწყალობას ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.