რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გაზდელიანთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ, მერიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას ტერიტორიული რეზერვის პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში რეზერვის განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ოთხწლიანი, ანაზღაურებადი სარეზერვო სამსახური, წლის განმავლობაში 45 დღემდე, ინტენსიურ საბრძოლო მომზადების პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად არის გადანაწილებული 12 თვეზე.
რეზერვისტები გაივლიან, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მომზადების კურსს. აღნიშნული კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების გამომუშავებაა.
ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევით, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

