ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი მერიის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების პროცესს შეეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბჭოს მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენას, მათი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე მუნიციპალური პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი განვითარების პროცესში, წარადგინონ საკუთარი იდეები და იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ეკოლოგია და ინოვაციები.




