საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით ლენტეხში, რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და დეპარტამენტის წევრები 10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.
რეგიონალური ფედერაციისთვის საკალათბურთო ინვენტარის გადაცემას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები, სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორი, მწვრთნელები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
საკალთბურთო ინვენტარი _ სათამაშო ბურთები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა გადაეცათ.
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლენტეხში, მის შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა.
ბავშვებმა გულისყურით მოუსმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და, მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები და ავტოგრაფები მიიღეს.
რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მომავალში აქტიურ ურთიერთანამშრომლობაზე სრული მზაობა გამოითქვა .