31 მარტს, ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა ქართველი პოეტის, ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.
მას დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი, რომელმაც უამრავი სითბო დაგვიტოვა. მისი ნოველები, ჩანახატები ადამიანს დიდი ემოციითა და სიყვარულით ავსებს.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.
საღამოზე ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს პოეტის ლექსები, ჩანახატები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ერთმანეთს გაუზიარეს მოგონებები. ახალგაზრდა პოეტი გულთბილად გაიხსენა ბავშვობის მეგობარმა მარინა ლობჟანიძემ.
ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ. თითოეული გამომსვლელის მიზანი იყო მსმენელამდე მიეტანა ანას კეთილი სული, ემოცია და განცდა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ლუიზა ხვადაგიანმა მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა ანას ოჯახს, მონაწილეებს ( მუნიციპალიტეტის N1, N2, ჟახუნდრის, სასაშის, მელეს, ჩიხარეშის საჯარო სკოლას) და დამსწრე საზოგადოებას.