ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N15

28 ივნისი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    25-ე მუხლის თანახმად,   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“  დანართი 1-ის  შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის N01  (www.matsne.gov.ge 0102500.50.35.115.016280) დადგენილება
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი N-1
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების 

წესი და ოდენობა


მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
 

საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები:

ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 47-ე მუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა;

გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;

დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება;

ე) ტრანსპორტირების ხარჯი.


მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
 

საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი)  ლარს.


მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება
 

1. ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის 18 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.

3. თუ საკრებულოს წევრი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.