საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში დასრულდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ფინალურ ეტაპში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინეს ლენტეხელმა მეკლდეურებმა. ლენტეხი შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო ორი გუნდით. წარმატებით იასპარეზეს და პრიზიორები გახდნენ: გვანცა ჩანქსელიანი , გიორგი გვიჭიანი, ნინო ბენდელიანი, ეკა ლიპარტელიანი, გიორგი მკერვალიშვილი, გიორგი მუკბანიანი. საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა თბილისის , მეორე - ნიქოზის, მესამე- ლენტეხის პირველმა გუნდმა. სახელოვანი მთამსვლელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ჯოკია გუგავას სახელობის თასის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე გუნდი. თასზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული იყო საპრიზო ფონდი ,1000 ლარი , რომელიც გადანაწილდა სამ საუკეთესო გუნდზე. ჩემპიონატი საინტერესოდ ჩატარდა, რასაც ხელი შეუწყო მსაჯთა კოლეგიის უნარიანმა მუშაობამ ( მთავარი მსაჯი: ავთანდილ ქურასბედიანი). შეჯიბრი დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალით. ტურნირის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, ვიცე- პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას, ლენტეხის მუნიციპალიტეტს და მონაწილეებს . ახალგაზრდებს გააცნო ჩვენი კუთხის საამაყო მთამსვლელები , გაიხსენა ჯოკია, გელა და სოზარ გუგავები. დამსწრე საზოგადოების წინაშე წიგნის - „ფიქრები შენზე“ პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც ეძღვნება ქართველ მთამსვლს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს - სოზარ გუგავას. წიგნები საჩუქრად გადაეცა ყველა მონაწილე გუნდს.