ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა ქართული ალპინიზმისა და ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, ჯოკია გუგავას ხსოვნისადმი მიძღვნილი 100 წლის საიუბილეო საღამო.
ღონისძიება ლენტეხის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები: „ლაგუშედა“, „ლილე“, „მთიები“ და „ლალხორ“.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის ფოიეში გამოიფინა გურამ თიკანაძის უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ჯოკია გუგავას პირადი არქივიდან იყო წარმოდგენილი.
საღამოს პროგრამა მოიცავდა საუბრებს ქართულ ალპინიზმზე. ჯოკია გუგავას ღვაწლსა და მის მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრა საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა და სპორტის მოღვაწემ ივანე ჯაფარიძემ.
ფოლკლორულ ნაწილში ჯოკია გუგავას მოღვაწეობა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფოლკლორისტმა და ლენტეხის მკვიდრმა ლიკა ლიპარტელიანმა.
შემოქმედებითი საღამო განხორციელდა საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროების, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.




