ჩიხარეშისა და ჟახუნდრის თემში გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა -სასოფლო გზები.
ნაკიშერის უბანში სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო რის გამოც უბანი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
შკედში დაზიანდა ცენტრალური ხიდის ბურჯები და დგება ჩანგრევის საშიშროება ასევე, ადიდებულმა მდინარემ წაიღო გადასასვლელი ხიდ-ბოგირებიც და ზედა შკედის მოსახლეობაც მოწყვეტილია გარე სამყაროს.
დაზიანებულია სოფელ ახალშენში მისასვლელი ცენტრალური გზა. მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია მხოლოდ საცალფეხო ბილიკით. 10 ოჯახში პირველ სართულზე შევიდა წყალი და დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზიანებულია ლაშხეთის თემში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.
️ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან-გია ონიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალს. მერიის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში გაუწევენ ყველანაირ დახმარებას.
ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება (ცენტრალური გზის გაწმენდა) ჟახუნდერი-ლემზაგორის მიმართულებით. შიდა საუბნო გზის გაწმენდითი სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს სოფელ ახალშენის მიმართულებითაც.