ახალი ამბულატორიის გახსნა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გულიდასა და ბაბილში ახალი ამბულატორიები გაიხსნა. ახალი შენობები სათანადო სამედიცინო ინვენტარითაც აღიჭურვა. ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისები სრულად იქნება ხელმისაწვდომი.
სოფელ გულიდის საექიმო პუნქტი რამდენიმე სოფელს – კახურას, გიოშერსა და მელურას მოემსახურება, ასევე ხუთ სოფელს – ბაბილს, ლებოჩიკს, მაცხვარლამეზურს, ყარიშსა და ლექართას გაუწევს მომსახურებას სოფელ ბაბილის ამბულატორია.
ორივე სოფლის ამბულატორიებში მოსახლეობას სოფლის ექიმი და ექთანი მოემსახურებიან.
გარდა ამისა, ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის – რცხმელურისა და თეკალის ამბულატორიები. მათ შორისაა სხვადასხვა სამანიპულაციო ინვენტარი, დიაგნოსტიკის პორტატული საშუალებები, ჟანგბადის კონცენტრატორები და ა.შ.
ჯამში, ახალი და სამედიცინო ტექნიკით გადაიარაღებული ამბულატორიები ლენტეხის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელსა და 2 000-მდე მოსახლეს გაუწევს მომსახურებას. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მართავს.
ახალი ამბულატორიები სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა მინდია ღლონტმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან და დაბის რწმუნებულთან ერთად გახსნა.