ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

                                 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

                დაბა ლენტეხში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მდ. ხელედულას ნაპირსამაგრი (ნაპირდაცვითი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია დაბა ლენტეხში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ მდ. ხელედულას ნაპირსამაგრი სამუშაოების სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების თანახმად ძლიერი წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს მდინარის კალაპოტი ვერ ატარებს წყლის ნაკადს, შედეგად ირეცხება კალაპოტის ნაპირი და იტბორება საავტომობილო გზა, რომელიც აკავშირებს დაბა ლენტეხს სოფ. ლესესთან. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად დაგეგმილია კალაპოტის ჭარბი აკუმულირებული მასალისგან გაწმენდა 1332 მეტრზე და საპროექტო ტერიტორიაზე მდინარის გამტარუნარიანობის გაზრდა, აგრეთვე სამუშაოები მოიცავს ნაპირებზე ნაყარი გრუნტის ბერმების მოწყობას. მდინარის საანგარიშო ხარჯი შეადგენს 459 მ3/წმ, თუმცა აღნიშნული ხარჯის გატარების საშუალება, არსებული კალაპოტის პირობებში ვერ ხერხდება. მდინარის კალაპოტიდან ამოღებული გრუნტი განთავსდება მდინარის ორივე მხარეს. ჭალა კალაპოტის კვეთებიდან ამოღებული გრუნტის მოცულობის მიხედვით ბერმის სიგანე იქნება ცვალებადი. სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილია საპროექტო ნაგებობის GPS კოორდინატები: X-312206.990 Y- 4740389.667; X - 312325.654 Y - 4740379.089; X - 312433.483 Y - 4740356.787; X - 312547.361 Y - 4740320.769; X - 312631.728 Y - 4740264.553; X - 312723.193 Y - 4740206.793; X - 312826.847 Y - 4740149.521; X - 312941.884 Y - 4740074.287; X - 313059.226 Y - 4740033.988; X - 313159.632 Y - 4740021.923; X - 313257.398 Y - 4740000.905; X - 313338.017 Y - 4739941.325; X - 313382.092 Y - 4739836.445; საპროექტო ტერიტორიის ელექტრონული გადამოწმებით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა მონაკვეთზე დაახლოებით 15-დან 100 მეტრის ფარგლებში მდებარეობს.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილია - ერთი ექსკავატორის, ერთი ბულდოზერის და ერთი ბუჩქმჭრელის გამოყენება. პროექტის თანახმად სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება 120 დღე.
სკრინინგის განცხადებით დგინდება, რომ ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის არ მოხდება სხვა სახის სამშენებლო მასალის გამოყენება, გარდა პროექტით გათვალისწინებული ადგილობრივი ბალასტისა. სამშენებლო სამუშაოების წარმართვა იგეგმება წყალმცირობის პერიოდში, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელს ტექნიკის წყალში დგომის გარეშე მუშაობის საშუალებას მისცემს. ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებისას ატმოსფერულ ჰაერზე ზეგავლენა მოსალოდნელი იქნება მხოლოდ გამოყენებული ტექნიკის ძრავების მუშაობით გამოწვეული გამონაბოლქვით. იქიდან გამომდინარე, რომ საპროექტო ტერიტორიაზე იმუშავებს ერთი ექსკავატორი, ერთი ბულდოზერი და ერთი ბუჩქმჭრელი, ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. ხმაურის ძირითადი წყარო იქნება სამშენებლო ტექნიკა, მშენებლობის მასშტაბიდან გამომდინარე სამშენებლო ტექნიკის გამოყენების ინტენსივობა დაბალია, შესაბამისად დაბალი იქნება ხმაურისა და ვიბრაციის მაჩვენებელიც. სკრინინგის განცხადების თანახმად ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს არ წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ნარჩენები, ასევე არ წარმოიქმნება სამშენებლო ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება იგეგმება შესაბამის კონტეინერებში, აღნიშნულის გატანა მოხდება ადგილობრივ ნაგავსაყრელზე. უმნიშვნელო რაოდენობით წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენები (ზეთებით დაბინძურებული ჩვრები და სხვა) დასაწყობდება სამშენებლო მოედანზე ცალკე გამოყოფილ სათავსოში, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაეცემა იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება ნებართვა აღნიშნული ნარჩენების გაუვნებელყოფაზე. სამუშაოების განხორციელების პროცესში წყლის და გრუნტის დაბინძურება დაკავშირებულია ძირითადად გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან: ნარჩენების არასწორი მართვა, ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის გამო ნავთობპროდუქტების დაღვრა და სხვა. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიაზე დაწესდება შესაბამისი კონტროლი. 90931 კვ. მ. ფართობიდან, 442 კვ. მ. ფართობი მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს ისტორიული და კულტურული ძეგლები არ მდებარეობს. ზემოაღნიშნული ფონური მდგომარეობის გათვალისწინებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში გაგრძელდება, მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ვერ მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ მდგომარეობაზე. სკრინინგის განცხადების თანახმად საპროექტო ნაპირსამაგრის მშენებლობაზე ძირითადად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. შესაბამისად პროექტის განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. დაგეგმილი საქმიანობა არ ითვალისწინებს გარემოზე სხვა მნიშვნელოვან ზემოქმედებას. აგრეთვე გათვალისწინებული არ არის დიდი რაოდენობით ხანძარსაშიში, ფეთქებადსაშიში და მდინარის პოტენციურად დამაბინძურებელი თხევადი ნივთიერებების შენახვა-გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფების რისკები მოსალოდნელი არ არის.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სკრინინგის განცხადება მიმდინარე წლის 11 სექტემბერს განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ ყოფილა წარმოდგენილი. საპროექტო ობიექტი მიეკუთვნება ბუნებრივ მასალით ნაგებ, ჰიდროტექნიკურ ნაგებობას. შესაბამისად მისი მოწყობა-ექსპლუატაცია რაიმე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რეაბილიტირებული საპროექტო მონაკვეთის არსებული მდგომარეობა. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ დაბა ლენტეხში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მდ. ხელედულას ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; 2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობის შეთანხმება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან. 3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა; 4. ბრძანება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს; 5. ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე; 6. სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემიდან 5 დღის ვადაში გადაწყვეტილება განთავსდეს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე; 7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე12 კმ. N6) მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ლევან დავითაშვილი