(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ბადრი ლიპარტელიანი: ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2018 წელს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

 როგორც GUARDIAN.GE-ს ლიპარტელიანმა განუცხადა, დაგეგმილია დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხებისა და გზების საყრდენი კედლების მოწყობა, ხიდების მშენებლობა და აღდგენა, სოფლებში - გვიმბრალასა და ხელედში წყლის სისტემების მოწესრიგება.

„ოთხი ახალი პროექტი დაგვემატა წელს, თუმცა, ტენდერზე დადება დაგვიანდა, რადგან დაპროექტების პროცესები გაიწელა. ამჟამად, პროექტები გვაქვს, თანხაც მოვითხოვეთ და მივიღეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. ეს არის დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა - ნახევარმილიონიანი პროექტია. ერთ-ერთი პროექტი ამ ოთხიდან, სანიაღვრე არხებისა და გზების საყრდენი კედლების მოწყობას გულისხმობს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღირებულება 223 000 ლარია. არის ასევე წყლის პროექტი, რომელიც სოფლებში - ხელედსა და გვიმბრალაში წყლის სისტემების მოწესრიგებას ითვალისწინებს - გაკეთდება წყლის სათავე ნაგებობები და სამუშაოები დაქსელვამდე მივა. და ბოლოს, მეოთხე პროექტი ხიდების გაკეთებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტებიდან სოფელ ნანარისა და სოფელ ლესემის ხიდები და გვიმბრალასა და ხელედის წყლის პროექტები ტენდერზეა დადებული. რაც შეეხება დაბა ლენტეხის კეთილმოწყობასა და სოფლებში გზის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების გაკეთებას, დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ხიდების პროექტს მთის ფონდი გვიფინანსებს, ხოლო ყველა დანარჩენს რეგიონული განვითარების ფონდი”, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ბადრი ლიპარტელიანმა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამჟამად მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

 „დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტირება - აღნიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს პატარ-პატარა ქუჩებთან ერთად, ეზოების, ჩიხების მოწესრიგება. დაბა ლენტეხში ხორციელდება აგრეთვე ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა.

შესრულების პროცესშია მსხვილი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ლენტეხში, სოფლებში - ხელედში, ნაცულში, ჩიხარეშში, ჟახუნდერში, სასაშსა და თეკალში. 

 მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ლენტეხის მუზეუმის მაჩუბის მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს. სოფლებში - ლესემაში, მელურაში, ყარიშში, საყდარში, ფანაგასა და შკედში სტადიონების მშენებლობის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სამუშაოები დასრულდება. ყველა ეს პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.