(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვემო სვანეთში ეცხოვრებოდეს ხალხს

ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლად თუ ქალაქად ეცხოვრებოდეს. ლიპარტელიანი ქვემო სვანეთში მცხოვრებლებს, რომელთა დაახლოებით, 40-60% სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება და ამბობს, რომ მისი მერად ყოფნის პერიოდში, ხალხის კეთილდღეობისთვის და ცხოვრების დონის ასამაღლებლად ზრუნვა გაგრძელდება.

ლენტეხის მერმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უმთავრეს პრობლემად გაზიფიცირების არარსებობა დაასახელა და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, პრობლემა მოგვარდება, რადგან მისი თქმით, „ბუნებრივი აირის შემოსვლა არის ჰაერივით საჭირო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის".

„უმთავრესი პრობლემა გაზიფიცირებაა. არც დაბაში და არც სოფლებში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ აქვს. მთავრობის დონეზე მიმდინარეობს საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელია, ბუნებრივი აირი - იმის გარდა, რომ ეს მოსახლეობის საჭიროებაა, ხე-ტყესაც დავიცავთ. ძალიან ბევრი შეშა იხარჯება და ეს ეკოლოგიურად არ არის გამართლებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის შემოსვლა არის ჰაერივით საჭირო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა, რომელმაც გაზიფიცირებასთან ერთად, ადგილობრივების სხვა საჭიროებებსა და „საჭირბოროტო" საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

 „ჩემი მერის პოსტზე ყოფნის დარჩენილ სამ წელში გაგრძელდება მუშაობა - ლენტეხის კეთილმოწყობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ცხოვრების დონის ამაღლებაზე. გვაქვს ისეთი საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც მხოლოდ სვანეთს მიესადაგება, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეცხოვრებოდეს აქ ხალხს. საჭიროა, ხალხი უკან დაბრუნდეს. მინდა, რომ ამ ადამიანებმა ლენხეტის მუნიციპალიტეტში განაგრძონ ცხოვრება. იმისთვის, რომ მცხოვრებლების რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ჯერჯერობით ეს პრობლემად რჩება. არის გარკვეული პრობლემები, რაც ამ კუთხით მუშაობაში ხელს გვიშლის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის 40-60% სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია. გართულებულია სოციალური პაკეტების მიღება. სახელმწიფო ცდილობს, დაალაგოს ეს საკითხები", ამბობს ლენტეხის მერი და დაბასა თუ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის, გარეგანათებების მოწყობისა და დასუფთავების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ლენტეხს ახალი, თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო აქვს, რომლის მთავარი ექიმიცა და ხელმძღვანელიც, მერად არჩევამდე, ბოლო 17 წლის განმავლობაში თავად იყო.

„ძალიან კარგი საავადმყოფო გვაქვს. შარშან გაიხსნა განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი შენობა. გვყავს ახალი სასწრაფო დახმარების მანქანაც  მაღალიგამავლობის და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

 რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის შიდა გზებს, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. სტიქიების შემთხვევაში, გზები ზიანდება და თავიდან გვიწევს სამუშაოების შესრულება. ძალიან გვიჭირს თავად ტექნიკა, ხან ვქირაობთ, ხან რომელიმე ორგანიზაცია გვეხმარება. ზამთარში ცენტრალური გზა გზების დეპარტამენტის მიერ იწმინდება, შიდასასოფლო გზებზე კი, ადგილობრივი მთავრობა მუშაობს. გასულ ზამთარს ორჯერ მოგვიწია გზების გაწმენდა, ცაგერიდან ვიქირავეთ ტრაქტორი. გზები არ იკეტება ხოლმე ინტენსიური მუშაობის შედეგად.

 დაბაში განათება არის, თუმცა, ხარისხმიანი არ არის. სოფლებში გარეგანათებები ნაწილობრივ არის. ვაპირებთ პროექტებში ჩავსვათ გარეგანათებების შეცვლა, რომ ლენტეხში გაკეთდეს ახალი გარეგანათებები.

გვაქვს ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც დაბაში და სადაც ცენტრალური გზა არის სოფლად, ყველგან დგას. ორი ნაგვის მანქანა გვყავს - ერთი მაღალიგამავლობის არის, მეორე ჩვეულებრივია. მაღალიგამავლობის ემსახურება სოფლებს, სადაც ცენტრალური გზა არის, როგორც გითხარით, ხოლო ჩვეულებრივი მეორე ნაგვის მანქანა დაბაში მუშაობს. 

არ ფუნქციონირებს საწარმოები. მწირი გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტი", აცხადებს ლენტეხის მერი და სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვემო სვანეთში და იქ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მისივე თქმით, ოჯახებს მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით არჩენენ, ტურისტული მიმართულების განვითარება ერთადერთ გამოსავლად ესახება.