(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ტურიზმი

                                          ზესხოს ხეობა                                        

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, სვანეთი, შედგება ორი ნაწილისაგან - ზემო და ქვემო სვანეთისგან, რომლებიც ერთმანეთისგან სვანეთის ქედით არის გაყოფილი. ზემო სვანეთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შედის, ქვემო სვანეთი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ნაწილია და მოიცავს ცხენისწყლის ხეობას, სათავიდან - მურის ხიდამდე. სვანეთის ქედზე ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი რამდენიმე უღელტეხილია: ლასტილის (3086 მ), ატკვერის, იგივე ზაგარის (2623 მ) და ლატფარის (2830 მ), რომელიც სამეურნეო (თიბვა, შეშის დამზადება, ნადირობა) და ტურისტული დანიშნულებისათვის გამოიყენება. ლაფტარზე მიმოსვლა მხოლოდ ივლისიდან ოქტომბრამდე არის შესაძლებელი, რადგან ზამთარში ქედის შვეულ ფერდობებზე ხშირია ზვავები. სვანეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, მდებარეობს მინერალური წყლებით განთქმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მუაში. მუაშიდან რამდენიმე კილომეტრში ულამაზესი ზესხოს ხეობაა, სადაც 1978 წლი - დან ფუნქციონირებდა ალპინისტური ბანაკები აილამა  (აილამა მწვერვალია ზესხოს ხეობაში, ზ. დ. 4546 მ) და ზესხო (ზ. დ. 1880 მ). აილამას პროფესიონალი ალპინისტები სტუმრობდნენ, ხოლო ზესხო მოყვარულ ალპინისტებზე იყო გათვლილი. წლის განმავლობაში ბანაკებში ალპინიზმის საფუძვლებს ათასობით ახალგაზრდა ეუფლებოდა მთელი საბჭოთა კავშირიდან. ხშირად კოტეჯები სტუმრებს ვერ იტევდა და ბანაკის ცენტრში კარვებს შლიდნენ. 1990-იან წლებში ორივე ბანაკმა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა 2003 წლიდან ზესხო კვლავ იღებს აქტიური დასვენების მოყვარულებს.

 

1. მთა აილამა და ზესხოს ხეობა

2. მუაში. კოტეჯები დამსვენებლებისთვის.

3. ჯიხვის ციკნები. სვანეთში აღრიცხულია ცენტრალური კავკასიონის საშუალო და მაღალი მთიანეთისთვის

დამახასიათებელი თევზების - 18, ამფიბიების - 7, რეპტილიების - 10, ფრინველთა - 70-მდე და ძუძუმწოვრების 30-მდე სახეობა. მათ შორის არის დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის რიცხვი დღეისთვის საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიონზე, უკონტროლო ნადირობის გამო მკვეთრად შემცირდა. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში სვანეთში მონადირეები წელიწადში დაახლოებით 220-მდე ჯიხვს კლავდნენ. დღეს ამ ცხოველზე ნადირობა

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

 

მდებარეობა: სვანეთის ქედის სამხრეთი ფერდობი (დიდი კავკასიონის სისტემა), მდ. ცხენისწყლის (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 350 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250-1300 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -40C-ს. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17,90C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 2000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ორი წყაროს წყალი: ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,8-2,5 გ/დმ3 (მუაში) და ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-2,0 გ/დმ3 (წურნაში); წყლების საერთო დებიტი: 13 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მუაშის მინერალური წყლის მიღება (დალევა) და წურნაშის მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

 

 

 

                     მუაში

 

მუაში —  მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ. მუაშში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, მზის მაღალი რადიაცია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი (მინერალიზაცია — 2,1 გ/ლ; ტემპერატურა 9°C; დებიტი 13 ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის.

სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებანი. მუაშში არის საკურორტო პოლიკლინიკა, სააბაზანო; სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.