(+995) 591 812361
info@lentekhi.gov.ge

ლენტეხის ისტორია

ისტორიული მიმოხილვა: სვანები, ქართველთა ერთ-ერთი უძველესი შტო, წერილობით წყაროებსა და ზეპირსიტყვიერებაში იხსენიება, როგორც სვანი, სოანი, სანი, სონი, მშანი, მისიმიანი, სანიგი, სეანო-კოლხი, ეგრო-სეანი, ებზე, წანი და სხვა. სვანური ენა ენათმეცნიერთა მტკიცებით წინარე ქართველური ფუძე-ენიდან მომდინარეობს. ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან ) ერთად შეადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. ამას ადასტურებს სვანურ ენაში კარგად შემონახული უძველესი ქართველური ლექსიკა და მისი არქაული ნიშნები. სვანურ ენაზე ლაპარაკობენ მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე კოდორის ხეობაში (აფხაზეთის სვანეთი). ლათის და აჟარის საკრებულოს მცხოვრები. სვანურ ენაში ოთხი დიალექტია ბალსზემოური, ბალქვემოური(ზემოსვანური), ლაშხური და ლენტეხური (ქვემოსვანური). სვანეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის შემდეგ ეგრისის და აფხაზეთის (მე-8 მე-10სს), ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთი დაიყო: 1.ე. წ. დადეშქელიანთა სამთავროდ (ზემოსავანეთის დასავლეთ ნაწილი), აფხაზეთის სვანეთი და ჩრდილო კავკასიის ცენტრალური მთიანეთის ნაწილი. 2. ბალზემოსვანეთად (ზემოსვანეთის აღმოსავლეთი ნაწილი ე. წ. ,,თავისუფალი სვანეთი) 3. ქვემო სვანეთად (მდ. ცხენისწყლის ხეობა-ლაშხეთის, ჩოლურის და ლენტეხის თემებით). მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა. ამიტომ მას სხვანაირად სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ. ლენტეხის რაიონი, ანუ ქვემო სვანეთი, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული, სათავეს სწორედ მე-18 მე-19 საუკუნეებიდან იღებს. სვანებმა ქრისტიანობაც დანარჩენ ქართველებთან ერთად მიიღეს და დღემდე ინარჩუნებენ, როგორც ერთადერთ და ძირითად აღმსარებლობას. ამაზე მეტყველებს სვანეთში ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. სვანთა საერთო ქართულ-ეროვნული აზროვნების, ცნობიერებისა და თვითშეგნების თვალსაზრისით ნიშანდობლივია ლატალის თემის სოფელ მუხურის ერთ-ერთი ეკლესიის ხატის წარწერა: ,,წმინდაო მთავარ ანგელოზო მუხურისაო, ხელთუქმნელო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი.“ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქვემო სვანეთი 8 წლის განმავლობაში ლეჩხუმის მაზრაში შედიოდა. 1921წლამდე ქ. ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში, ხოლო 1921წლიდან 1929 წლამდე ლეჩხუმის მაზრაში (გუბერნიის გარეშე). 1929 წელს ქვემო სვანეთის მოსახლეობამ თბილისში გაგზავნა დელეგაცია, რომელიც მოითხოვდა ზემო სვანეთის მაზრასთან შეერთებას. 1929 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ქვემო სვანეთის რაიონის შექმნის შესახებ. 1953 წლამდე ეწოდებოდა ქვემო სვანეთის რაიონი. საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1953 წლის 22მაისის ბრძანებულებით ქვემო სვანეთის რაიონს ეწოდა ლენტეხის რაიონი, ხოლო ზემო სვანეთის რაიონს-მესტიის რაიონი. 1969 წლის 6 აგვისტოს ბრძანებულებით ლენტეხის რაიონული ცენტრი დაბად გარდაიქმნა.